საინიციატივო ჯგუფმა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად სოფიო ხორგუანი წარადგინა
საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად სოფიო ხორგუანი წარადგინა.
მთაწმინდის ოლქში დღეს შესაბამისი განაცხადი უკვე შეტანილია. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფიო პრინციპულ და სამართლიან ადამიანად დაახასიათეს. მათი თქმით, ხორგუანი ღირსეული კანდიდატი იქნება.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ხორგუანის გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.
„როგორც სოფოს წარმომადგენელი და მეგობარი, ვუსურვებ წარმატებას და მჯერა, რომ ქალი დეპუტატის ხმა ისე, როგორც არასდროს საჭიროა დღეს. მითუმეტეს ისეთი ადამიანის, როგორიც არის სოფო ხორგუანი. ის არის უფლებადამცველი და ამ ცხოვრების პრინციპით ცხოვრობს. ვულოცავ ასეთი ღირსეული ადამიანის წარდგენას მთაწმინდის ყველა მოქალაქეს, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას“,-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
როგორც საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი აბდალაძე აცხადებს, მთაწმინდის მოსახლეობას გამორჩეული შესაძლებლობა აქვს, ისეთი პრინციპული ადამიანი აირჩიოს, როგორიცაა სოფიო ხორგუანი.
„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალბატონი სოფიო გაიმარჯვებს, მთაწმინდის მოსახლეობას ყველაზე გამორჩეული არჩევანის შესაძლებლობა ექნება, რომ ქალბატონი აირჩიონ და თან ისეთი დამოუკიდებელი პიროვნება და პრინციპული ადამიანი, როგორიც სოფიოა“,- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.