საიდუმლოებით მოცული 4000 წლის ბორცვები ბრაზილიაში, რომლებიც კოსმოსიდანაც ჩანს
საიდუმლოებით მოცული 4000 წლის ბორცვები ბრაზილიაში, რომლებიც კოსმოსიდანაც ჩანს

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უცნაური საინჟინრო სტრუქტურები გარესამყაროსგან თითქმის მთლიანად დამალულია, თუკი არ იცით, სად ეძებოთ.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, კაატინგას მინდვრებზე, მცენარეულობის საფარქვეშ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტერმიტების მიერ გაკეთებული 200 მილიონი ბორცვი, რომლებიც თითქმის დიდი ბრიტანეთის ზომის ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

ზედაპირიდან ამოზიდული მიწის მოცულობა დაახლოებით 10 კუბური კილომეტრია. ამ სტრუქტურების შესახებ მართლაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.

იდუმალი გორაკები პირველად ბრაზილიელმა ბიოლოგმა როი ფანჩმა შენიშნა 1980-იან წლებში.

მისი თქმით, ზოგიერთ ადგილობრივს ისინი ტერმიტების ან ჭიანჭველების მიერ შექმნილი ეგონა, მაგრამ უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ისინი ღმერთის მიერ შექმნილი ბორცვები იყო, რომლებიც სულ არსებობდა.

იმ დროისათვის, ფანჩმა მათ შესახებ ბრაზილიის ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში დაწერა, მაგრამ მას შემდეგ ათწლეულები ისე გავიდა, ეს ბორცვები არც ერთ მეცნიერს აღარ გახსენებია.

2015 წელს ფანჩმა უცნაური ბორცვების შესახებ მოხსენება კვლავ გამოაქვეყნა, მაგრამ დეტალური ინფორმაცია მხოლოდ უფრო ახალი კვლევის დროს გახდა ცნობილი.

2015 წელს ფანჩი ვარაუდობდა, რომ ბორცვების რაოდენობა 90 მილიონს აღწევდა და მოიცავდა 900 ხეოფსის პირამიდის მოცულობის მიწას. როგორც იგი აღწერდა, ეს იყო „მწერების მიერ შეცვლილი ლანდშაფტისა და ეკოსისტემის ინჟინერიის ამ დრომდე ცნობილი უდიდესი მაგალითი“.

მას შემდეგ, ფანჩმა და მისმა კოლეგებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ სინამდვილეში, ბორცვების რაოდენობა 2 მილიონს აღწევს, მოცულობა კი 4000 ხეოფსის პირამიდისას უდრის. გაირკვა ისიც, რომ მათი ასაკი 4000 წელია.

ასეთი დიდი განფენილობა ნიშნავს იმას, რომ მათი დანახვა შესაძლებელია კოსმოსიდანაც, თანამგზავრულ ფოტოებზე. მართლაც, ბორცვები კარგად ჩანს Google Earth-ზე.

ფანჩის თქმით, ბორცვები აშენებულია ტერმიტების ერთი სახეობის, Syntermes dirus-ის მიერ. თუმცა, საინტერესოა, როგორ შეძლეს მათ კაატინგას ლანდშაფტში 2,5 მ სიმაღლისა და 9 მ სიგანის ბორცვების აგება?

მკვლევართა ჯგუფის ცნობით, რომელმაც ბორცვები დეტალურად შეისწავლა, 200 მილიონი მიწაყრილი წარმოადგენს მიწისქვეშა ტუნელების ქსელით გადაადგილებულ ქანებს. ამ ბორცვების საშუალებით, ტერმიტები ადვილად აღწევენ ზედაპირზე და სწვდებიან თავიანთ საკვების ძირითად წყაროს — ჩამოცვენილ ფოთლებს.

მკვლევართა თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მკვდარი ფოთლები მიწაზე წელიწადში ერთ სეზონზე ცვივა, საჭიროა ეფექტიანი სისტემა, რათა რაც შეიძლება ბევრი საკვების მოპოვება მოასწრო, სანამ ის მთლად გაქრება.

ზოგიერთი ბორცვიდან აღებული ნიმუშებიდან ირკვევა, რომ ისინი აგებულია 690-3820 წლის წინ და ისეთივე ძველია, როგორც ტერმიტების ამ დროისათვის ცნობილი უძველესი ბორცვები აფრიკაში.

მიუხედავად ამ ბორცვების ასაკისა და ზომისა, როგორც ჩანს, ტერმიტები ათასწლეულების განმავლობაში ისე შრომობდნენ, თხრიდნენ და ფოთლებზე ნადირობდნენ, რომ ადამიანებს მათთვის ხელის შეშლა არც უცდიათ. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ალბათ კაატინგას რთული ლანდშაფტია.

კვლევა ჟურნალ Cell Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cell.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.