საიამ 19 მაისის შუალედური არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა
საიამ 19 მაისის შუალედური არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა.

დოკუმენტში ასახულია წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში საიას დაკვირვების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, ტენდენციები და ორგანიზაციის რეკომენდაციები.

ორგანიზაცია სამ ძირითად დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას, ესენია: ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაძაბული პოლიტიკური ფონის შექმნა.

სულხან სალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ყველა გამოვლენილ დარღვევაზე რეაგირება მოხდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ სამ მნიშვნელოვან ტენდენციაზე. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული შემთხვევები, ეს არის ასევე ნების კონტროლი და ეს არის დაძაბული ფონი კენჭისყრის დღეს, ოლქებში. მაგალითად, ზუგდიდის ოლქში წინასაარჩევნოდ დაძაბული ფონი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ თავად მასშტაბსა და მოცულობაზე, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან კონკრეტულ ოლქში არჩევნების შედეგების ფორმირებაზე, თუმცა საყურადღებოა ის, რომ თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, ამან შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფორმირებაზე. მით უმეტეს, საუბარია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე. ვფიქრობ, ყველა შემთხვევა, რომელიც არის იდენტიფიცირებული და ჩვენ მიერ მომზადებულ ანგარიშში ასახული, საჭიროებს შესწავლას, რეაგირებას. ნაწილ მათგანზე, როცა საუბარი იყო სავარაუდო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევებზე, შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება, თუმცა ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ არის საკმარისი. აუცილებელია, თითოეულ შემთხვევაზე შესაბამისი შედეგი დადგეს, რადგან ამას ჰქონდეს პრევენციული წინაპირობა“, – აცხადებს საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე.

საიას ანგარიში 20 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.