საია - სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 11:00 საათისთვის გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხებოდა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას
საია - სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 11:00 საათისთვის გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხებოდა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა 11:00 საათისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებიდან მიწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

საია-ს ინფორმაციით, ორგანიზაციამ ამ დრომდე ექვსი საჩივარი მოამზადა და ოთხი შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

„არსებულ დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის, კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და მიმდინარეობის დროს, ასევე მათ პერიმეტრზე.

კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. იმავდროულად, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხებოდა წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას.

საიამ ამ დრომდე ექვსი საჩივარი მოამზადა და ოთხი შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში:

– მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება;

– საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციის გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;

– მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ, რაც პირველად გამოვლენილ კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება, ყუთს გაჰყოლოდა, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს შესაბამის ფურცელზე მიანიშნეს;

– ზუგდიდის მე-16 უბანზე, მას შემდეგ, რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებაზე, თავმჯდომარემ ის პარტიის მიერ დანიშნული წევრით ჩაანაცვლა. ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩივრდა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში;

– ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;

– ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის მიმართულებით არსებული დარღვევები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით ცხრა მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.