საია-ს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ საია ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია, საქმე მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე გახდეს.
„გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო ძალიან მოკლე ვადებში. ორი თვის წინ გავაგზავნეთ მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში და უკვე არსებითად იხილება იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც საჩივარში ვდაობთ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, რაც კონვენციის მეხუთე მუხლით არის გარანტირებული; ასევე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მეექვსე მუხლი; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მე-8 მუხლი; გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლი, კონვენციის მე-13 მუხლი, მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში. ასევე საქმე შეეხება, კონვენციის მე-18 მუხლს, რომელიც უფლების შეზღუდვის გამოყენების ფარგლებს ეხება. ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადავიდა განხილვის შემდგომ ეტაპზე. ყველა მუხლთან დაკავშირებით დაწყებულია კომუნიკაცია საქართველოსთან. ზოგ საჩივარში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს მიეცა დრო, უპასუხოს იმ კითხვებს, რა კითხვებიც ამ საქმიდან გამომდინარე სასამართლოს აინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი.
გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში. სწორედ ამ პატიმრობაიდან გამომდინარე დარღვევებს ეხება ეს საქმე. სამწუხაროდ, მზია ამაღლობელის მიმართ სხვა პარალელური საქმეებიც მიმდინარეობს, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან გამომდინარე. ასევე, სისხლის სამართლის ბრალდების საქმე, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით თუ აქ, ეროვნულ დონეზე ვერ მოხდება უფლებების დაცვა, ჩვენ დამატებით გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველი საქმე, რომელიც მზიას სახელით გაიგზავნა, დააკომუნიცირა და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი პროცედურები“, – განაცხადეს საია-ში.