საია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება. ამის შესახებ აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
„ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლში სახელმწიფოს ყოფილი რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკომპანიის ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშილს, გაიტაცა „TV პირველის“ კუთვნილი კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი.
მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა. ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას.
ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.