საია-მ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა
საია-მ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-12 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

კვლევაში საუბარია 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2000-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგებზე.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო პროცესების მონიტორინგი ცხადყოფს, რომ რიგი პრობლემები, რომლებიც წლებია არსებობს სამართალწარმოების პროცესში როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურის მხრიდან, ასევე საკანონმდებლო ხარვეზები, დღემდე არ გამოსწორებულა.

საია-ს მიერ წარმოდგენილი დაკვირვების შედეგები ასეთია:

• ყოველთვის მაღალი იყო და საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობისა და გირაოს გამოყენების მაჩვენებელი. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები შემთხვევათა მხოლოდ 3%-ში გამოიყენეს.
• კვლავ პრობლემაა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლად გამოყენება. პროცენტული მაჩვენებელი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა. კერძოდ, 141 შეფარდებული პატიმრობიდან 17 (12%) იყო დაუსაბუთებელი და არ იყო გამოყენებული, როგორც უკიდურესი საშუალება, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად. 245 გამოყენებული გირაოს შემთხვევაში კი 73 (30%) იყო დაუსაბუთებელი;
• პროკურორები კვლავ არ აგროვებდნენ სათანადო ინფორმაციას ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, გირაოს ოდენობის დასასაბუთებლად. ბრალდებულთა 88%-ის მიმართ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობაში ბრალდების მხარეს ყურადღება არ გაუმახვილებია მათ მატერიალურ შესაძლებლობებზე. ასეთ შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნილი ოდენობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება პატიმრობის ტოლფასია.
• კვლავ არ ფიქსირდება სახელმწიფოს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის შემთხვევის გამოძიებაზე, რასაც ბრალდებულები ან პროცესის მონაწილეები სასამართლო პროცესებზე აცხადებენ. მოსამართლის როლი ამგვარ შემთხვევებზე რეაგირების საკითხში ფორმალურია.
• ჩხრეკისა და ამოღების საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრაქტიკა კვლავ პრობლემურია. შემთხვევათა 92%-ში ჩხრეკა/ამოღება გადაუდებელი აუცილებლობით ტარდება, რასაც სასამართლო კანონიერად ცნობს.
• სასამართლო მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასამართლო ნაკლები გულმოდგინებით ეკიდება პატიმრობის პერიოდული გადასინჯვის საკითხს და თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელად ტოვებს პატიმრობას, ხოლო უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ ასაბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას.
• სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე უმეტესად ისე დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომ დაზარალებულის პოზიციისა ან მისი ინტერესების შესახებ სასამართლო სხდომაზე პროკურორს არ უსაუბრია;
• ხშირად, საქმის არსებითი განხილვის სხდომები დაგვიანებით იწყება ან გახსნისთანავე ხდება მათი გადადება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პროცესების გაჭიანურებას.
• კანონმდებლობით კვლავ მოუწესრიგებელია ნარკოტიკული დანაშაულის თავი. აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაწესდეს ადეკვატური სასჯელები;

კვლევის პრეზენტაციას ესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოსამართლეები სხვადასხვა ინსტანციებიდან.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, საბჭო მზად არის კვლევის მიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი გაითვალისწინოს.

„საბჭოს მიდგომა ამ შემთხევაში არის საქმიანი, ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ანგარიშს და რიგ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება არგუმენტები, სასარგებლო რეკომენდაციებს კი, მივიღებთ. ანგარიშში მოცემული არის როგორც კრიტიკული მოსაზრებები, ასევე დადებითი ტენდენციები, რომელიც არის სასამართლო სისტემაში და უდაო არის, რომ საკითხები რომელსაც შეეხო კვლევა არის გაუმჯობესებული, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უფრო წინ წავიდეთ და უკეთესი შედეგები მივიღოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებათა რიცხვი გაზრდილია  და საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრი არის, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ განვითარდეს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების რიცხვი. რასაც ასევე ვეთანხმებით თუმცა ეს არის რთული პროცესი და დამოკიდებულია მხარეებზე”,- აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.