საია-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა
საია-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა

საია-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა. წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ცხრა რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში ფარავს პირველი ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. მასში მოცემულია ანალიზი გამოვლენილ დარღვევებზე ან ისეთ ქმედებებზე, რომელიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ცუდი პრაქტიკაა.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საია-ს დამკვირვებლებმა, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან დააფიქსირეს-სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ხუთი შემთხვევა (მათ შორის, COVID-19-ის შედეგების აღმოფხვრის ანტიკრიზისული გეგმა); ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო მოსყიდვის ხუთი შემთხვევა; ძალადობრივი ქმედებების, დაძაბული არჩევნებისწინა გარემოს შექმნისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლის ექვსი შემთხვევა.

ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სახელმწიფოს მხრიდან პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები, რაც რიგ შემთხვევებში, კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმებოდა. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შეზღუდვების ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე საკუთარ აქტივობებში საჯარო რესურსი გამოიყენა.

„გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან („ლელო“ და „პატრიოტთა ალიანსი“). წინა არჩევნების მსგავსად, საია-ს სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნებისწინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნის რამდენიმე ფაქტი გახდა ცნობილი. მაგალითად, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს („ლელო“, „მოძრაობა ხალხისთვის“) არ მიეცათ არჩევნებისწინა აქტივობების გამართვის საშუალება, რამაც ისედაც დაძაბული გარემო, კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა. სხვა ფაქტები შეეხებოდა ისეთ შემოწირულებას, რომლის კანონიერებაზეც კითხვები არსებობს, ასევე, პარტიის რეგისტრაციას, არჩევნებით მანიპულირებას, პარტიების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას. საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით“, – ნათქვამია ანგარიშში.