საია ითხოვს, ირაკლი ხოფერიას საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს 
საია ითხოვს, ირაკლი ხოფერიას საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, ირაკლი ხოფერიას საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურამ ხოფერიას საქმის გამოძიებისას მიკერძოებულობა გამოავლინა, როდესაც ძიება შეწყვიტა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პროკურატურას 10 ნოემბერს საქმეზე გამოძიების განახლება დაავალა, დადებითად აფასებენ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლემ დაავალა პროკურატურას, გამოძიება გაგრძელდეს და განხორციელდეს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. თბილისის პროკურატურა, რომელიც იძიებდა ამ საქმეს, არის მიკერძოებული და ამიტომ, საჭიროა, საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საუბარია მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როდესაც ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველებმა ირაკლი ხოფერია დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სცემეს. საუბარი იყო ქურდობის აღიარებაზე, თუმცა საბოლოოდ, აღმოჩდა, რომ ეს ქურდობა სხვა პირმა ჩაიდინა და ხოფერიას მიმართ, სამართლებრივი დევნა შეწყდა.