საია და EMC „შრომის უსაფრთხოების კანონის“ პროექტზე ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ
საია და EMC „შრომის უსაფრთხოების კანონის“ პროექტზე ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი“ (EMC) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, სადაც მთავრობასა და ეკონომიკის სამინისტროს „შრომის უსაფრთხოების კანონის“ ტექსტზე უმოკლეს ვადაში შეჯერებას სთხოვენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უმოკლეს ვადაში მიიღოს კანონი, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის პროექტი. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორმა – საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო პაკეტი განხილვისთვის არ წარადგინა და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისთვის დამატებით ერთი კვირა ითხოვა.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სფერო გაიზარდოს, არათუ არ დავიწროვდეს, კიდევ უფრო ფართო გახდეს და ის ყველა ადგილზე გავრცელდეს, გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინსპექციას უნდა ჰქონდეს უპირობო დაშვება დასაქმების ადგილებზე, რასაც კანონი ახლა არ ითვალისწინებს. ასევე ვფიქრობთ, სანქციების ოდენობა უნდა იყოს გაცილებით მაღალი და პროპორციული, ვიდრე შემოთავაზებულ ვერსიებშია“, – განცხადა EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ.