საია და EMC ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარადგენენ
საია და EMC ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარადგენენ

12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში მოამზადა.

საკითხზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ იმუშავეს, რომელთა წარმომადგენლებიც ანგარიშის პრეზენტაციას დღეს გამართავენ.

„ეს ანგარიში შეეხება 12 მაისის მოვლენების სამართლებრივ შეფასებას. 12 მაისს თბილისში შსს-მ ჩაატარა ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა დიდი გამოხმაურება. მან გამოიწვია მათ შორის მშვიდობიანი შეკრების გამართვა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა მასობრივი დაკავებები და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ამ მოვლენების სამართლებრივი შეფასება, ამიტომ დავიწყეთ ფაქტების დაზუსტება და შესწავლა. ეჭვები, რომ პოლიცია ამ შემთხვევაში მოქმედებდა ძალის გადამეტებით და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვას ახდენდა, არსებობდა თავიდანვე და რა გამოიკვეთა ანგარიშის ფარგლებში, ამას წარვუდგენთ საზოგადოებას“, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ნონა ქურდოვანიძემ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიწვიეს.

ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday Inn-ში 11:00 საათზეა დაგეგმილი.