საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება
საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება

თბილისში, 5 მარტს, საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის.

სასტუმრო „ბილტმორში“ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, 5, 6 და 7 მარტს სამი რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდება. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  სახელმწიფო  დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების რეგიონალურ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკი.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობს.