საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს
საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საუბარია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების მნიშვნელობაზე.
სტრატეგიის თანახმად, იგეგმება ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენებისთვის საკანონმდებლო ბაზის მომზადება.
„თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების კონტექსტში უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად სიკვდილიანობისა და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.
ამასთან, კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში (Bose et al., 2013). ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება. აქვე, საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა.
ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, – აღნიშნულია საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.