საგზაო პროექტებზე მომავალ წელს 1.377 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება
საგზაო პროექტებზე მომავალ წელს 1.377 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება

საგზაო პროექტებზე მომავალ წელს 1.377 მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველაზე მსხვილი დაფინანსება, 317.9 მილიონი ლარი ავტობანის რიკოთის (არგვეთას) მონაკვეთისთვის არის გათვალისწინებული.

135 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობაზე; 100 მილიონი ლარის – ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთზე; 100 მილიონი ლარის – სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე; 70 მილიონი ლარის – ბათუმის ახალ შემოვლით გზაზე; 58.5 მილიონი ლარის – გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთზე; 54 მილიონი ლარის – ქუთაისის შემოვლითი საავტომობილო გზის მეორე ზოლზე; 28.5 მილიონი ლარის – ჩუმათელეთი-ხარაგაულის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე; 20 მილიონი ლარის – სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქციაზე; 20 მილიონი ლარის – ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაციაზე; 20 მილიონი ლარის – ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე; 15 მილიონი ლარის – საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე; 13 მილიონი ლარის – ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე.

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 1.31 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული. თუმცა, უცნობია, შეძლებს თუ არა მთავრობა ამ თანხის სრულად ათვისებას.