საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაამტკიცებს, ასევე რამდენიმე წლიურ ანგარიშს განიხილავს
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაამტკიცებს, ასევე რამდენიმე წლიურ ანგარიშს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 თებერვალს განაახლებს.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 4 თებერვალს გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორის არის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.

საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლები რამდენიმე წლიურ ანგარიშსაც განიხილავენ, მათ შორისაა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშები.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობა ოფიციალურად გასული წლის 20 დეკემბერს დაასრულა.