საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1 500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1 500-მდე მოქალაქეს გაუწია დახმარება

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინიდან და მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებმა სამშობლოში დამატებით საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნება უზრუნველყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მათ შორის, გრძელდება ლვოვიდან ვარშავაში მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა. ავტობუსის სპეციალური რეისები 12 მარტის ჩათვლით ყოველდღე ხორციელდება. ამ დროისთვის სპეციალური რეისით 400-ზე მეტი მოქალაქეა გადაყვანილი.

საქართველოს მოქალაქეები ორგანიზებულად ტოვებენ ოდესას. ასევე, ხდება მათი გადაადგილების უზრუნველყოფა მოლდოვა-რუმინეთის, იქიდან კი საქართველოს მიმართულებით.

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინასა და მოსაზღვრე სახელმწიფოებში ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 1500-მდე მოქალაქე.

მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები. მათ დაევალათ საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და სამშობლოში გამომგზავრების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.