საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც დიპლომატიური თანამდებობის პირის, სამართლებრივ სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრი წარმოადგენს დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს.
მათივე განცხადებით, ამასთან, კანონი განსაზღვრავს დიპლომატიური სამსახურის გავლისა და დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა.
„ცვლილების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრზე, როგორც დიპლომატიურ თანამდებობის პირზე, გავრცელდება კანონით დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული წესები და პირობები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭოს.