საგარეო უწყება - უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გამოხატული სიმბოლური ნაბიჯების შესახებ ბანერი საზოგადოებაში აღქმული იყო, როგორც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატულება, რაც მიზნად ისახავს დისკრედიტაციის ელემენტების გაღვივებას
საგარეო უწყება - უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გამოხატული სიმბოლური ნაბიჯების შესახებ ბანერი საზოგადოებაში აღქმული იყო, როგორც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატულება, რაც მიზნად ისახავს დისკრედიტაციის ელემენტების გაღვივებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების ფეისბუქგვერდზე გაზიარებულ საინფორმაციო ხასიათის ბანერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გაზიარდა საინფორმაციო ხასიათის ბანერების სერია, რომელთა მიზანი იყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის შესახებ.

ბანერები მოიცავდა ინფორმაციას, საქართველოს მხრიდან გამოხატული როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული დახმარების შესახებ და მათ შორის ინფორმაციას უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამომხატველი აქტივობების თაობაზე.

კონკრეტული ბანერი, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ჰუმანიტარული აქტებისა და სოლიდარობის ნიშნად გამოხატული სიმბოლური ნაბიჯების შესახებ (თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის განათება), ამოგლეჯილ იქნა კონტექსტიდან და აღქმულ იქნა, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატულება, რაც არის მიზანმიმართული ქმედება და ისახავს დისკრედიტაციის ელემენტების გაღვივებას.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, გამოვხატავთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებაში სოლიდარობის ამ ნაბიჯს მოჰყვა ასეთი ინტერპრეტაცია მაშინ, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა დედაქალაქში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის სოლიდარობის აქციებს, რომლის ამსახველ ფოტოებსაც ასევე ვუზიარებთ საზოგადოებას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.