საგარეო უწყება - საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული
საგარეო უწყება - საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაცია ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემატურად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე და გასაკვირი არ არის, რომ კოვიდის ფონზე, საქართველოზეც ასეთი გაფრთხილება დევს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია აღნიშნული.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს აქვს მინიჭებული მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული რეკომენდაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 16 ივნისის მდგომარეობით დევს და მას შემდეგ საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება უკავშირდება კოვიდს, რაც ცალსახად არის განმარტებული სახელმწიფო დეპარტამენტის იმავე ვებგვერდზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემატურად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე და გასაკვირი არ არის, რომ კოვიდის ფონზე, საქართველოზეც ასეთი გაფრთხილება დევს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, ასევე, მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამერიკის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მგზავრობისგან, ამ ტერიტორიებზე კრიმინალის, სამოქალაქო მღელვარებების/არეულობისა და ნაღმების არსებობასთან დაკავშირებული რისკების გამო.

„აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ასეთი რეკომენდაციით მიმართავს. მსგავს რეკომენდაციებს შეხვდებით არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებითაც“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.