საგარეო უწყება - საქართველოში 2018 წელს უპრეცედენტო რაოდენობის მაღალი დონის ვიზიტები შედგა
საგარეო უწყება - საქართველოში 2018 წელს უპრეცედენტო რაოდენობის მაღალი დონის ვიზიტები შედგა

საქართველოში 2018 წლის  განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის მაღალი დონის ვიზიტები შედგა, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერალური კანცლერი, ანგელა მერკელი, რითაც გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის, ასევე ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმების მიმართ.

26 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით  კი, თბილისს ეწვივნენ – ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში; ფინეთის, ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სომხეთის პრეზიდენტები; რუმინეთის ვიცე-პრემიერი; ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე; საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი; თურქეთის თავდაცვის მინისტრი; აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე; ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტი; უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე; მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი; მალტის სუვერენული ორდენის დიდი ჰოსპიტალიერი; ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-სპიკერი; დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ინტერპარტიული ჯგუფის წევრები.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამილახვრის სახელობის საქართველო-საფრანგეთის სტრატეგიული დიალოგის დაფუძნების შესახებ; პირველად გაიმართა სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის.  საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის კი, ინიცირებული იქნა შეთანხმება, რომლის მიზანია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ჩანაცვლება.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად საქართველო შეყვანილი იქნა უსაფრთხო ქვეყნების სიაში ირლანდიის რესპუბლიკისა და დანიის მიერ; ნორვეგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ნორვეგიის საელჩოს გახსნის თაობაზე“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ანგარიში  მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებსაც მოიცავს. ამ კუთხით, აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებდა სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლის შედეგად გაგრძელდა რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე.

სტამბოლში გაიმართა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. გაიმართა „გაზის სამხრეთ დერეფნის“ და TANAP-ის პროექტების ოფიციალური გახსნის ცერემონიები. წინსვლა აღინიშნა სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების კუთხით, პირველ რიგში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების თვალსაზრისით. ასევე აღნიშნუალია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების ოთხმხრივი შეხვედრა, რომლის შედეგად შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი.

ასევე, 2018 წელს დამყარდა პარტნიორული ურთიერთობები სომხეთის ახალ ხელისუფლებასთან და დაისახა ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

„რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში გაგრძელდა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული მიდგომა, რომლის ფარგლებში საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების უპირობო მოთხოვნის კვალდაკვალ ვითარდებოდა ურთიერთობები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. გაგრძელდა არაფორმალური დიალოგი ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რომლის ფარგლებში დღის წესრიგის მიხედვით განიხილებოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, 2018 წელს საქართველოში გაიმართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად იაპონიის მთავრობის მხრიდან იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის (ფაზა 2).  კორეის ხელისუფლებამ კი, მიიღო გადაწყვეტილება ორდინარული პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.