საგარეო უწყება - საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ
საგარეო უწყება - საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები განაგრძობენ ერთობლივ სამუშაოებს სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს განხორციელდა ტერიტორიის დათვალიერება სოფ. ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში.

„ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები მოცემულ მონაკვეთებზე და წარმოადგინეს თავისი ხედვები. საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა ადგილზე განუმარტა აზერბაიჯანის მხარეს თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობასთან დაკავშირებით. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების განხორციელება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე.

„ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ გაგრძელდება 23 აგვისტომდე, რის შემდეგ დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულების მეორე ეტაპი, შესაძლო მოკლე ვადებში. საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ დაიგეგმება კომისიების შეხვედრა თბილისში, სავარაუდოდ სექტემბრის განმავლობაში“, – აცხადებენ სამინისტროში.