საგარეო უწყება - სახელმწიფო განაგრძობს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, დახმარება გაეწია 3 000-მდე პირს
საგარეო უწყება - სახელმწიფო განაგრძობს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, დახმარება გაეწია 3 000-მდე პირს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო განაგრძობს უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას მათი ევაკუაციის, სამშობლოში გამომგზავრების და მათთვის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„ამ დროისთვის დახმარება გაეწია საქართველოს 3 000-მდე მოქალაქეს, როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით. მათ შორის გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე.

სისტემატურად ხორციელდება სპეციალური რეისები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, ისევე, როგორც ხდება მათი ორგანიზებული გადაყვანა ოდესიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინაში, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებში (პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, უნგრეთი) მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წვერების სამშობლოში გამომგზავრებას და ასევე პირველადი საჭიროების დახმარების გაწევას.