საგარეო უწყება - საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
საგარეო უწყება - საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European product carriers.

„პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში.

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან.

2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „Elka Aristotle“-ს.

თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა ოთხი მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქ. პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქ. აბუჯაში, საიდანაც მოხდება მისი საქართველოში გამომგზავრება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.