საგარეო უწყება - ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს პროგრესი
საგარეო უწყება - ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს პროგრესი

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

„ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე. ასევე, მოლოდინი გვაქვს, რომ მოკავშირეები დაადასტურებენ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და აღინიშნება საქართველოს განსაკუთრებული წვლილი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბრიუსელის სამიტის პარალელურად, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“, პანელზე, სახელწოდებით – Investing in resilience, რომლის დროსაც პრემიერი ისაუბრებს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

„აღსანიშნავია, რომ „ბრიუსელის ფორუმში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.