საგარეო უწყება - მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, აუცილებელია, დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია
მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, აუცილებელია, დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თემის კომენტირებისას განაცხადეს.
საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სუს-მა ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც სავარაუდოდ მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია, დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.