საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გიორგი კახიანსა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა, სადაც მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაზე მსჯელობდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ არ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.

ბოკერიას განცხადებით, სამარცხვინოა, როდესაც კვოტების გადანაწილება პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ხდება.

გიგა ბოკერიას ამ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გამოეხმაურა და კითხვით მიმართა ბოკერიას, თუ დელეგაციების გადანაწილების შემადგენლობა სამარცხვინო ფორმით მოხდა, რატომ დაუჭირა მას მხარი ხათუნა გოგორიშვილმა.

„შეგიძლიათ, მითხრათ, ევროსაბჭოს დელეგაციაში რა შეიცვალა? წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა შეიცვალა. იგივე კვოტებია. თქვენ სამარცხვინო განცხადებას აკეთებთ. ფრაქციის უფლებაა, კონკრეტული პირი დაასახელოს და არა კონკრეტული წევრების“, – განაცხადა კახიანმა.

კახიანის საპასუხოდ ბოკერიამ აღნიშნა, რომ თუ უმრავლესობამ იცის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იანვრამდე არ შეიცვლება, რატომ აქვს პოლიტიკური ხუშტური, რომ ბესელია ამ დელეგაციის შემადგენლობაში აღარ იყოს.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

საპარლამენტო დელეგაციების კვოტების გადანაწილება პარლამენტში განვითარებულ პროცესებსა და ახალ საპარლამენტო კონფიგურაციას უკავშირდება.