საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს 2019 წლის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.

გეგმის შესახებ ჟურნალისტებთან კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს კვლავ უცვლელ პრიორიტეტად რჩება პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება.

ასევე, ნინო გოგუაძის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებით მეტი მხარდაჭერის მოპოვებას საერთაშორისო დონეზე.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, ამ წლისთვისაც იქნება ბევრი მიმართულებით აქტივობების განხორციელება. პირველ რიგში, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. დიდ ყურადღებას დავუთმობთ ისეთ საკითხებზე მუშაობას, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკის გატარება, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისთვის მეტი მხარდაჭერის მოპოვება საერთაშორისო დონეზე. იცით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია მიიღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ამ წლის პრიორიტეტშიც არის. მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობთ პარლამენტის კონტროლის ფუნქციის განხორციელებას და კომიტეტის კონტროლის ფუნქციის განხორციელებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.