საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში 2 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას, რომლის მომდევნო რაუნდი მიმდინარე წლის 25-26 ივნისს არის ჩანიშნული.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე. ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობას.
შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან საუბარი შეეხო ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ რთულ ვითარებას და ასევე ყურადღება გამახვილდა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებზე და ნდობის აღდგენისაკენ მიმართული საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებზე, მათ შორის დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის გამარტივების საკითხი, ასევე კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში აეროპორტის უკანონოდ ამოქმედებისა და რეგულარული ავიარეისების დაწყების, ისევე როგორც სარკინიგზო მიმოსვლისა და ელექტრომატარებლის პირდაპირი მარშრუტის ამოქმედების გამო.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.