საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვაკეთის საგარეო უწყებასთან თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა, რომელშიც აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვაკეთის საგარეო უწყებასთან თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა, რომელშიც აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს შორის და ადასტურებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას ევროინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული მიზნებისა – გახდეს ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა, ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა და წახალისების ხელშესაწყობად, მათ შორის საკანონმდებლო და სექტორული დაახლოების გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სლოვაკეთის დახმარება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმის ეფექტიანი რეალიზაცია; დაკავშირებულობის გაძლიერება; აგრეთვე, თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერაზე. მხარეებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა. თანამშრომლობის აღნიშნულმა ოქმმა ჩაანაცვლა ქვეყნებს შორის 2000 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის დოკუმენტი. ოქმის მიხედვით, მხარეები გამართავენ რეგულარულ კონსულტაციებს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.