საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად წლიურ პროგრამას განიხილავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად წლიურ პროგრამას განიხილავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, 2018 წლის წლიურ პროგრამას განიხილავს.

სამუშაო შეხვედრა „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

შეხვედრის ფარგლებში, ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად საქართველოს 2018 წლის, წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-10 პროექტი განიხილება.

ნატოს და წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას დაამტკიცებს, რის შემდეგაც, ქართული მხარე, დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, უკვე ალიანსს წარუდგენს.

„ჩვენ მოვამზადეთ წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი, მაგრამ ნატო-ში საბოლოოდ, ოფიციალურად წარდგენამდე, დეტალებს ნატო-ელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ვათანხმებთ. წლიური ეროვნული პროგრამა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების პროცესში ეხმარება.

ჩვენ გაგვაჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომ მოხდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, წლიური ეროვნული პროგრამა არის ერთ-ერთი პრაქტიკული კომპონენტი და კარგი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად წარმატებულად მუშაობს ასპირანტი ქვეყანა”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.