საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები

10:11, 08.08.2026

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღესაც, ოკუპაციის მე-18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

„მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი