საგარეო საქმეთა სამინისტრო - გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს 
საგარეო საქმეთა სამინისტრო - გრძელდება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა ზაზა გახელაძე დროულად გათავისუფლდეს 

პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული უკანონოდ დაკავებული, დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის წინააღმდეგ ე.წ. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და მისთვის ე.წ. ბრალის წაყენება წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.

როგორც მარი ნარჩემაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქის დროული გათავისუფლება.

„როგორც ცნობილია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთ წყაროს. ასევე მუშაობენ, რათა რაც შეიძლება ახლო მომავალში ან უმოკლეს დროში მოხერხდეს ინციდენტების პრევენციისა და მექანიზმების ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოხდება ყველა იმ მოქმედ ინციდენტზე საუბარი და ამ ინციდენტების განხილვა, რასაც ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზთან“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

კითხვაზე, როგორია ზაზა გახელაძის მდგომარეობა, მარი ნარჩემაშვილმა აღნიშნა: „ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელია“.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.