საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალი წლიდან ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელითაც დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ცვლილებები დიპლომატების როტაციის, ჯანდაცვის, დაზღვევისა და განათლების მიმართულებით უკვე მოხდა, ხოლო სამომავლო ინიციატივა დიპლომატების რეზერვის, საცხოვრებელი პირობებისა და სხვა ტექნიკური მხარეების მოგვარებას გულისხმობს.

„ჩვენ ვაპირებთ ახალი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას, რომელიც უკავშირდება რეზერვის სამი წლიდან ხუთ წლამდე ვადის გაზრდას, ანუ დიპლომატები, რომლებიც ვთქვათ სხვა სამსახურის გამო ან სხვა გადაწყვეტილების გამო დატოვებენ დროებით დუპლომატიურ სამსახურს, ისინი რეზერვში დარჩებიან არა სამი წლით, არამედ ხუთი წლის ვადით და ეს კიდევ უფრო მეტ რესურსს დაუტოვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამომავლოდ“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კანონპროექტი, რომლის ინიცირებასაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი 2018 წელს მთავრობის სხდომაზე გეგმავს, აგრეთვე უკავშირდება უცხო ქვეყნებში მივლენილი დიპლომატების ანაზღაურებასა და ცხოვრების პირობებს.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალშიც ასევე გადავხედოთ მისიებს და იმ ქვეყნებში არსებულ პირობებს და შევძლოთ იმ კოეფიციენტების, რომელიც უკავშირდება ანაზღაურებას და ცხოვრების პირობებს, უფრო მეტად ადაპტირებას ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებულ პირობებთან. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ახალ მიდგომაზე, რომელიც უკავშირდება როტაციიდან შვებულებების პერიოდში სამშობლოში დაბრუნებას და ვცდილობთ, რომ ჩვენი დიპლომატების საქმიანობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ“, – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებაში კარიერული განვითარების სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საელჩოსთან და სხვა საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად შემუშავებული საპილოტე სისტემა, მომავალი წლიდან უკვე ძალაში შევა, რაც ცენტრალურ აპარატსა და საელჩოებში კარიერული და ადამიანური რესურსების განვითარების სისტემის დანერგვას გულისხმობს. საგარეო უწყება მასში არსებული ტრენინგ ცენტრის დიპლომატიის სკოლად გადაკეთებას გეგმავს, რომელიც სასერთიფიკატო კურსებსაც დაფარავს.