საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება

ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით გაკეთდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე.

„ეს მტკიცე მხარდაჭერა თვალსაჩინოდ აისახება საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. აგვისტოს ომის 10 წლის თავზე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტიც და ის უპრეცედენტო გამოხმაურებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რასაც ადგილი ჰქონდა ამ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა.

ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. რუსეთის ხელმძღვანელობამ 2008 წლის 12 აგვისტოს აიღო საერთაშორისო ვალდებულება საქართველოდან ძალების გაყვანის შესახებ და მათ სრულად უნდა შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ხელშესახები პროგრესი იქნას მიღწეული დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითხებზე.

„ისეთ საკითხებზე როგორიცაა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ომითა და გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენისთვის და აგრეთვე იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა სრულად ისარგებლონ იმ სიკეთეებითა და შესაძლებლობებით, რასაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.