საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6747
საგარეო საქმეთა სამინისტრო - ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6747

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, 2020 წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე.

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა თელ-ავივი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 151 მოქალაქე. ამავე რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება იერუსალიმიდან საქართველოში. საერთო ჯამში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, 19 აპრილისთვის საქართველოში 6747 ადამიანი დაბრუნდა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები კორონავირუსის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

„როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს  ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.