საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებისა და მათი იმპლემენტაციის საკითხს მიეძღვნა.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები და მათ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები გააცნო.
პრეზენტაციის შემდეგ ქართულმა მხარემ უპასუხა დიპლომატიური კორპუსის შეკითხვებს „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ პროცედურებზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.