საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წელს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი ზურაბაშვილი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2019-2024 წლებში – ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2014-2019 წლებში – ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2013-2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი იყო; 2012–2013 წლებში – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, „საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; 2005–2012 წლებში – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი; 2002-2003 წლებში – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1996–2002 წლებში კი – საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე.