საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში 5 მარტს არის დაგეგმილი. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე სამზადისზე, გაცვალეს ინფორმაცია სხდომაზე განსახილველ საკითხებსა და დელეგაციების შემადგენლობაზე.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში დაგეგმილი ტრადიციული საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას. ის მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მონაწილეობას კონფერენციაში, რომელიც წელს მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხს ეძღვნება.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თემატიკა და მასში ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ევროკავშირის ელჩმა განმეორებით დაადასტურა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. მან დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პროცესში, კერძოდ კი მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუშაობის გააქტიურების და კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში დაგეგმილ რიგ მაღალი დონის ვიზიტებს ევროკავშირიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ ინტენსიურ თანამშრომლობას 2019 წლის საქართველო-ევროკავშირის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.