საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი „ასტრაზენეკას“ მიერ ინდოეთში წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი მინისტრის დავალებით სამუშაო ვიზიტით ინდოეთში გაემგზავრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აქტიურად ცდილობს კოვაქს პლატფორმის პარალელურად მოიპოვოს ვაქცინების დამატებითი რაოდენობა.

„ამ მიმართულებით აქტიური და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც პარტნიორებთან, ასევე უშუალოდ მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიებთან. მათ შორის ინდოეთში ფუნქციონირებს ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აწარმოებს კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. მასთან უკვე დიდი ხანია, დამყარებულია კავშირი და მიმდინარეობს ქართული მხრიდან ამ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია. იმისათვის, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და დასრულდეს წარმატებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილის ინდოეთში წასვლაზე. ზოგადად მსოფლიოში ძალიან გართულებულია ვაქცინის წარმოებისა და მიწოდების პროცესი. ბევრი ქვეყანა დგას რიგში. უშუალოდ შეფერხებულია როგორც წარმოების, ასევე ვაქცინების დისტრიბუციის პროცესი. ინდოეთში მოღვაწე კომპანიასაც გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს როგორც მასთან, ასევე ბევრ პარტნიორ სახელმწიფოებთან და კომპანიებთან, რათა დროულად იქნას მოპოვებული ვაქცინა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველთაგანი იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კოვაქს პლატფორმის პარალელურად შეძლებს მიიღოს ვაქცინა მწარმოებელი კომპანიისგან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული პროცესში.

„მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უშუალოდ აღიარებული იქნა „კოვიდ 19“-ის პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინის როგორც გამოყენების, ასევე შემდგომ რეალიზაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე მეგობარ ქვეყნებთან და უშუალოდ მწარმოებელ და მიმწოდებელ კომპანიებთან, რათა მოვიპოვოთ ვაქცინა“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.