საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მომხდარის შესახებ საუბრობს [ვიდეო]

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაშავებულებიდან საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი პაციენტი რჩება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ერთ-ერთმა დაშავებულმა, ვალერ მათიაშვილმა განუცხადა, ის გვიან ღამით მაღაზიაში იმყოფებოდა და გამოსვლისას გაიგო ხალხის ყვირილი, რა დროსაც შენობაში შებრუნება სცადა და დაიჭრა.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მაღაზიაში ვიყავი, 00:30 საათისთვის. გამოსვლისას დავინახე 10-მდე ადამიანი, რომლებიც მაღაზიის მიმართულებით მორბოდნენ, ასევე სხვადასხვა მიმართულებითაც. ყვიროდნენ, დაიმალეთ, დაწექით, ვიღაც პირი შეიარაღებულია და გარეთ გარდაცვლილები არიანო. პირველი, რაც გავაკეთე, მივბრუნდი, რათა მაღაზიის თანამშრომელი გამეფრთხილებინა, დამალულიყო და უსაფრთხო ადგილას გადასულიყო. შენობაში შესვლისას კართან დამხვდა ეს ადამიანი. ამ დროს გავიგე გასროლის ხმა და ვიგრძენი წვა, მივხვდი, რომ ტყვია მომხვდა. შემდეგ გავიგე ამ გოგოს ყვირილი, თვალიო. როგორც მივხვდი, შუშის ნამტვრევებით დაიჭრა. იქ იყო კიდევ ერთი ადამიანი, გამვლელი, რომელსაც მაღაზიაში თავის შეფარება უნდოდა და ვეღარ შემოასწრო. როგორც მერე გავიგე, მასაც ფეხში ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა“, – აღნიშნა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.