საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს ეწვია და ის ადგილი მოინახულა, სადაც უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

იუსტიციის მინისტრმა სოფელი უდაბნო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად დაათვალიერა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სპეციალურად პატარა სოფლების საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც არქიტექტურული ფორმით  სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. პროექტი იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება. მისი ავტორი არქიტექტორი მიხეილ გიორგობიანია.

სამინისტროში განმარტავენ, რომ სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან უდაბნოს საზოგადოებრივ ცენტრს მხოლოდ ფართი და ვიზუალური მხარე განასხვავებს; მომსახურების სტანდარტი და  ხარისხი ისეთივე იქნება, როგორიც იუსტიციის სახლებსა და დიდ საზოგადოებრივ ცენტრებშია. უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში დაეხმარება, 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას გაუმარტივებს და სწრაფ, კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს.  უდაბნოსა და მისი მახლობელი სოფლის მცხოვრებლებს პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად საგარეჯოში ჩასვლა აღარ მოუწევთ.

ამ ეტაპზე პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს, რის შემდეგაც მშენებელი კომპანიის შესარჩევად  ტენდერი გამოცხადდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა – სოფელი სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებით და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ ესაზღვრება სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯს. საზოგადოებრივი ცენტრის მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული მუნიციპალური ცენტრებიდან.