საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, რომ მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტის პრობლემა არ შექმნიათ
საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, რომ მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტის პრობლემა არ შექმნიათ

სიცრუე და დეზინფორმაციის გავრცელებაა გიგი უგულავას განცხადება, თითქოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს ათობით კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ,- ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 21 იანვრიდან რეგულარულად ემსახურება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები.

„სიცრუე და დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება, თითქოს 21 იანვარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ტრანსპორტის გარეშე დარჩნენ და ათობით კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იანვრის არდადეგების შემდგომ სწავლის გაგრძელებას სრულად მომზადებული შეხვდნენ, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებით. 21 იანვრიდან სკოლებს რეგულარულად ემსახურება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები. შესაბამისად, 21 იანვარს სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ სასკოლო ტრანსპორტით“,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ რეგიონებში ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. უგულავა მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი და გაუქმდეს ბახტაძის მიერ აგვისტოში მიღებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც, რაიონებს ჩამოერთვათ სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა. უგულავას განცხადებას გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მისი განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ რეგიონებში, სადაც სასკოლო ტრანსპორტის პრობლემა შეიქმნა, საკითხი დროულად გადაიჭრას.