საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იწყება საგარეჯოდან 12 კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება. გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. მოვლა-შენახვის ფარგლებში იგეგმება დამატებით სამი კილომეტრის მოასფალტება, რაც უკვე სრულად მოაწესრიგებს დავით გარეჯამდე მისასვლელ გზას“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დასრულდა, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა.

დატოვე კომენტარი