საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდება.

განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს სასწავლო დაწესებულებებს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, შენობებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჰიგიენას და მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრო აქტიურად დააკვირდება სკოლებში არსებულ ვითარებას და თუ საფრთხე გაჩნდება ან რამე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, უსწრაფესად მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის შემთხვევები მცირდება. რაც შეეხება წითელას ვირუსის გაზრდილ შემთხვევებს, დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლის შეჩერების აუცილებლობა არ არის. მინისტრის განმარტებით, თუკი რომელიმე სკოლაში წითელათი ავადობის მაჩვენებელი გაიზრდება, იმ კონკრეტულ სკოლაში სწავლა ოთხი დღით შეწყდება.

ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა გრიპის ვირუსის შემთხვევების გამო, ერთი კვირით გადაიდო. 21 იანვრამდე სწავლა გადაიდო რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც.

დატოვე კომენტარი