საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება
საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-ს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტის ბიუროს წარედგინება

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას ითვალისწინებს, დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

შსს-ს მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამინისტროს დაქვემდებარებაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით გადადის. ცვლილებები რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებები გამომდინარეობს მცირე მთავრობის კონცეფციიდან, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა.

მისივე თქმით, უწყებაში თანამშრომლების მასშტაბური შემცირება არ იგეგმება, თუმცა იქნება ეფექტი ხარჯების დაზოგვის კუთხით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამჟამად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უცვლელი რჩება სამსახურის როლი მატერიალური რეზერვების მართვის საკითხთან მიმართებით.