უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ კიევში სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ კიევში სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქ კიევში დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელ სვეტლანა ვოდოლაგას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სვეტლანა ვოდოლაგა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, დილით მოწინააღმდეგის ძალების მიერ ნასროლი ჭურვები მოხვდა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სვიატოშინსკის რაიონში, ასევე ერთ მრავალსართულიან კორპუსს პოდოლსკის რაიონში და კერძო სახლს ოსოკორკის რაიონში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 35 პირი გადარჩა, მათგან ერთს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაზიანდა მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ ფასადი.