საგანგებო სიტუაციების სააგენტოს წარმომადგენელი - სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2016 წლის 20 მაისს შემოწმდა და ობიექტის ხელმძღვანელობას აღრიცხული დარღვევების შესახებ განემარტა
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს წარმომადგენელი - სასტუმრო „ლეოგრანდი“ 2016 წლის 20 მაისს შემოწმდა და ობიექტის ხელმძღვანელობას აღრიცხული დარღვევების შესახებ განემარტა

სასტუმრო „ლეოგრანდი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 20 მაისს შეამოწმა და 177-ე მუხლის საფუძველზე, ობიექტის ხელმძღვანელობას აღრიცხული დარღვევების შესახებ განემარტა, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩატარდა დეტალური სახანძრო ტექნიკური შემოწმება. იგივე ობიექტი საკონტროლო შემოწმებაზე შემოწმდა 2017 წლის 20 ივნისს. ძირითადი დარღვევები იყო დასამთავრებელი საევაკუაციო გეგმის ტექსტური ნაწილი და პირველადი ქრობის საშუალებების არასაკმარისი რაოდენობა-ვარგისანობა“, – განაცხადა გელაშვილმა.

დავით გელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ობიექტის ხელმძღვანელობას დარღვევების შესახებ მხოლოდ მიეთითა და ამ ეტაპზე, მათზე სანქცია არ გავრცელებულა, მაგრამ აჭარის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ სასტუმრო „ლეოგრანდი“ 100 ლარით დაჯარიმდა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია ყველაზე მძიმე სანქცია, რისი გამოყენებაც დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შეუძლია, დავით გელაშვილმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა შემთხვევებისთვის სხვადასხვა ოდენობის სასჯელი არსებობს და ფულადი ჯარიმები 50-დან 300 ლარამდე მერყეობს.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ განაცხადა, სანქციები გაცილებით ძლიერი უნდა იყოს, რომ სხვადასხვა ობიექტებზე დარღვევები არ განმეორდეს.
დავით გელაშვილის თქმით, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 11 000 ობიექტი მოწმდება.
„ამ ეტაპზე თითქმის ყველა ობიექტი შემოწმებულია. რაც შეეხება ჯარიმების ამოღებას, თბილისში ის დაახლოებით, 110 პიროვნებიდან არის ამოღებული, აჭარაში კი, ამ ეტაპზე 20 ერთეული ჯარიმის ამოღება განხორციელდა“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.