საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო 100-მდე შეტყობინება შევიდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო 100-მდე შეტყობინება შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში დღეს, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, სხვადასხვა ლოკაციის დატბორვის შესახებ 100-მდე შეტყობინება შემოვიდა.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ყველა მათგანზე ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის, აღარ წვიმს და ვითარება სტაბილურია.

უხვმა ნალექმა თბილისში, ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და ისან-სამგორის რაიონებში დატბორა საცხოვრებელი კორპუსების ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები. ასევე, ოპერატიულად განხორციელდა მეტროსადგურების – „სამგორისა“ და „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ძლიერად წვიმდა ქვემო ქართლის რეგიონშიც. რუსთავისა და გარდაბნის სამაშველო ჯგუფებმა 20-მდე შეტყობინებაზე უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და სარდაფებიდან განახორციელეს”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგებით არავინ დაშავებულა.