საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის შეთანხმება გაფორმდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის შეთანხმება გაფორმდება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდისი ესტუმრა. ევროკომისარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შალვა ხუციშვილი და შალვა კვინიხიძე დახვდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ევროკომისიის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების გენერალურ დირექტორატს შორის ადმინისტრაციული შეთანხმება გაფორმდება. ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თანამშრომლობის გასაფორმებლად ეწვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის, შალვა კვინიხიძის განცხადებით, ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმთან.

„თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს საჰაერო ტექნიკის დახმარებით ტყის ხანძრების ქრობის მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობა“, – განაცხადა შალვა კვინიხიძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობას. ასევე, კატასტროფების რისკის შეფასებას, მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვას.

ადმინისტრაციული შეთანხმების მიხედვით, დიდი მასშტაბის საგანგებო სიტუაციების დროს ევროკავშირი გაამარტივებს საქართველოსათვის დახმარების გაწევას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელს აწერს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორი მონიქ პარიატი.

ევროკომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.