საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დამატებითი პრევენციული საშუალებები გადაეცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დამატებითი პრევენციული საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დანიის მთავრობისგან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური დაცვის საშუალებები – 590 ცალი დამცავი კომბინიზონი, 800 ცალი დამცავი სათვალე, 1600 ცალი რესპირატორი და 1600 ცალი სამედიცინო პირბადე გადაეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (DEMA) მიერ გადაცემულ აღჭურვილობას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფები კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასამართი სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებებისთვის გამოიყენებენ.

აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრე ქუჯაიძე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი მალხაზ ლაგურაშვილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქბრბ სამმართველო მიმდინარე წელს იყო ერთ-ერთი პირველი მორეაგირე ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მხრივ ყველაზე რთულ რეგიონებში – მარნეულსა და ბოლნისში.

განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას სტუმრობდნენ დანიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი, ასევე, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მაილკ ლუნდი და პიტერ კოს-კლაესონი.